ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ კიდევ 3 მძევალი გაათავისუფლა ტყვეობიდან.
მძევლები, რომლებიც 498 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ტყვეობაში, 15 თებერვალს გაათავისუფლეს.
"ჰამასის" წარმომადგენლებმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) გადასცეს ისრაელისა და რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ტრუფანოვი, ისრაელისა და ამერიკის მოქალაქე საგი დეკელ-ჰენი და ისრაელისა და არგენტინის მოქალაქე იაირ ჰორნი.
მძევლების გადაცემა პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. პროცესს ესწრებოდა ასობით მოქალაქე, რომლებიც სამხრეთ ღაზის ქალაქ ხან იუნისის მოედანზე იყვნენ შერკებილნი.
15 თებერვალს გათავისუფლებული 3 მძევლის სანაცვლოდ, ისრაელი 369 პალესტინელი პატიმარს გაათავისუფლებს. მათ შორის 36-ს უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
რამდენიმე დღით ადრე, 10 თებერვალს, ჰამასმა მძევლებისა და პატიმრების გაცვლის შეჩერების შესახებ განაცხადა და ისრაელი შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. "ჰამასი" აცხადებდა, რომ ისრაელი ბლოკავდა ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრებთა დაბრუნებასა და ჰუმანიტარულ დახმარებას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ მძევლები 15 თებერვლის შუადღემდე არ გათავისუფლდებოდნენ, ისრაელი განაახლებდა საომარ მოქმედებებს. ეგვიპტისა და ყატარის მონაწილეობით საერთაშორისო ზეწოლისა და შუამავლობის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ გაცვლაზე.
მიმდინარე გაცვლა არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი, რომელიც მიღწეულია 2025 წლის იანვარში. იგი ითვალისწინებს, პირველ ეტაპზე, 33 ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას 1900 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.