უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას უკიდურესად გაუჭირდება გადარჩენა აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის გარეშე, როგორც ახლა, ასევე ომის დასრულების შემდეგ.
ზელენსკის თქმით, შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერა გადამწყვეტია უკრაინის თავდაცვისა და მისი მომავლისთვის.
მან ხაზი გაუსვა, რომ არც კი სურს წარმოიდგინოს სცენარი, როდესაც უკრაინა ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობის გარეშე დარჩება.
„ალბათ ძალიან, ძალიან, ძალიან რთული იქნება და, რა თქმა უნდა, ყველა რთულ სიტუაციაში გაქვს შანსი.
მაგრამ ჩვენ გვექნება მცირე შანსი, ძალიან მცირე შანსი, რომ გადავრჩეთ შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე გამოხატა შეშფოთება, რომ თუ აშშ-ის სამხედრო დახმარება შეწყდება, უკრაინა დარჩება დაუცველი მომავალში რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი თავდასხმის მიმართ.
მან ასევე გააფრთხილა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ ცდილობს ომის დასრულებას, მაგრამ მხოლოდ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა სურს მისი ჯარების გადაჯგუფებისა და საერთაშორისო სანქციების მოხსნის მიზნით.
"ეს არის ნამდვილად ის, რაც მას სურს. მას სურს პაუზა, რათა მოემზადოს, წვრთნები ჩაატაროს, მოიხსნას სანქციები ცეცხლის შეწყვეტის გამო და ა.შ.", - თქვა ზელენსკიმ.