უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, ნატო-ს წინააღმდეგ ომს მომავალი წლისთვის ამზადებდეს. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მედიას განუცხადა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ წელს რუსეთი ბელარუსის მიმართულებით წვრთნისა და გაძლიერებისთვის 15 დივიზიას ამზადებს.
მისი თქმით, მათი რაოდენობა 100-150 ათას ადამიანს შეადგენს.
„ისინი, შესაძლოა, უკრაინის მიმართულებით წავიდნენ, როგორც ეს 2022 წელს იყო, ან ისინი პოლონეთის, ან ბალტიის ქვეყნებისკენ წავლენ. ვფიქრობ, მას ასეთი იდეა აქვს. დაზვერვისგან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ის ამზადებს ომს ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ მომავალ წელს“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ 100%-ით დარწმუნებული არ არის მსგავს სცენარში და იმედი გამოთქვა, რომ მისი თავიდან აცილება შესაძლებელია.