"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის მზია ამაღლობელის ადვოკატების განცხადებით, ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით შუამდგომლობას წარადგენენ.
მზია ამაღლობელის ადვოკატებმა - ნონა ქურდოვანიძემ და მაია მწარიაშვილმა პრესკონფერენციაზე საქმის დეტალებზე ისაუბრეს.
ადვოკატების თქმით, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, პროკურატურას კი, საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ.
„ჩვენი მოთხოვნებია, რომ სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელსაც ხვალ დილას წარვადგენთ სასამართლოში და გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული, ბარბაროსულად უკანონო აღკვეთის ღონისძიება, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან;
საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო და მანიპულირებული ბრალდების საქმე; სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი;
პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ამავე საქმეში; პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო;
საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადი მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვრის ბათუმის აქციაზე ციალა ქათამაძის უკანონო დაკავების გამო;
საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.