გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტმა შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლებში ევროპული სტანდარტების ხელსაწყოს - დემერსალური ტრალის გამოყენებით, წინასწარ შერჩეულ 20 სადგურზე კვლევები დაიწყო.
“აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია შავი ზღვის ეკოსისტემის შესწავლისთვის და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შავი ზღვის პრიორიტეტული თევზის სახეობების შესახებ მონაცემების შეგროვებას, რაც რეგიონში მდგრადი მეთევზეობის პრინციპების დანერგვას უზრუნველყოფს.
კვლევები პროექტის „ექსპერიმენტული დემერსალური ტრალური კვლევა საქართველოს წყლებში“ ფარგლებში ხორციელდება და ზღვის სხვადასხვა სიღრმეზე მაღალი სიზუსტის სინჯების აღებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია რომ, აღჭურვილობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) უსასყიდლოდ გადასცა. ასევე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება დაგეგმილი კვლევები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.