შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს.
მისი თქმით, ახალი ტარიფები ყველა ქვეყანას შეეხება და ძალაში ამ კვირიდან შევა.
გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ შემოიღებს საპასუხო ტარიფებს ქვეყნებისთვის, რომლებიც ამერიკულ საქონელზე ტარიფებს დააწესებენ.
ინაუგურაციის შემდეგ, დონალდ ტრამპმა მკაცრი სატარიფო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო.
ტრამპი დაემუქრა ევროკავშირს ტარიფების დაწესებით ევროპასთან სავაჭრო დეფიციტის შემცირების აუცილებლობის მოტივით. მან ასევე ბრძანა ჩინეთიდან საქონლის იმპორტზე 10%-იანი ტარიფების, ხოლო მექსიკიდან და კანადიდან საქონლის იმპორტზე 25-25%-იანი ტარიფების დაწესება. კანადისა და მექსიკის შემთხვევაში ტარიფების დაწესება 30 დღით გადაიდო მას შემდეგ, რაც ოტავამ და მეხიკომ პირობა დადეს, რომ გააძლიერებდნენ აშშ-სთან საზღვრების უსაფრთხოებას.
ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ბოლო სამიტზე, ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ტრამპის ტარიფებს წინააღმდეგობას გაუწევენ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი საპასუხო ზომებს მიიღებს, თუ აშშ ევროპულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს.
ჯერ კიდევ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ტრამპმა დააწესა დამატებითი ტარიფები იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე, რამაც გამოიწვია მწვავე სავაჭრო კონფლიქტი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის. საპასუხოდ, ევროკავშირმა მიიღო ზომები მთელ რიგ ამერიკულ საქონელზე, მათ შორის იყო ვისკი, Harley Davidson-ის მოტოციკლები და Levi Strauss-ის სამოსი.
ევროპულ საქონელზე აშშ-ის მოსალოდნელი ტარიფები დიდი დარტყმა იქნება გერმანიისთვის, რომელიც მეორე წელია ეკონომიკურ ვარდნას განიცდის. შეერთებული შტატები გერმანული საქონლის ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარია. ეკონომისტები შიშობენ, რომ ახალმა ტარიფებმა შეიძლება გააძლიეროს სავაჭრო კონფლიქტი ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის.