"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს.
ამ დროისთვის, მზია ამაღლობელი კლინიკა "ვივამედში" იმყოფება, სადაც რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულებიდან სამედიცინო გამოკვლევებისთვის.
როგორც ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქუროდოვანიძე აცხადებს, მზია ამაღლობელი სამედიცინო კვლევების დასრულებისთანავე, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს.
ნონა ქურდოვანიძემ დღეს კლინიკაში მოინახულა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზია ამაღლობელი. ქურდოვანიძის თქმით, ამაღლობელს დღეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება. მისივე თქმით, ამაღლობელი კვლავ სრულ შიმშილობაზე იმყოფება.
"ის აგრძელებს სრულ შიმშილობას და რჩება დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით. თუმცა მისი პოზიცია ასევე არის უცვლელი, რომ მოითხოვს დააბრუნონ უკან, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული სამედიცინო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით და არ არის აქ მხოლოდ მისი სურვილი. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, რა თქმა უნდა, სამედიცინო ჩვენება როგორი იქნება", - თქვა ადვოკატმა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.