კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები კვირას, 9 თებერვალს გაიმართა. Associated Press-ის ცნობით, კენჭისყრის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, ხმების 73 პროცენტის დათვლის შემდეგ ლიდერობს პრემიერ-მინისტრის, ალბინ კურტის პარტია “თვითგამორკვევა“, რომელმაც 42 პროცენტი მოიპოვა.
მეორე და მესამე ადგილზეა ოპოზიციური “კოსოვოს დემოკრატიული პარტია” და “კოსოვოს დემოკრატიული ლიგა”, შესაბამისად ხმების 22,7 და 17,9 პროცენტით.
"ხალხმა გაიმარჯვა. “თვითგამორკვევამ” გაიმარჯვა. ჩვენ ვართ გამარჯვებული ძალა, რომელიც შექმნის მომავალ მთავრობას", - განაცხადა კურტმა.
ამავდროულად, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის მმართველ პარტიას ხმების 50 პროცენტი სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში „თვითგამორკვევას“ მოუწევს კოალიციაში შესვლა ოპოზიციურ ძალებთან, რომლებსაც სურთ გადახედონ კოსოვოს ურთიერთობებს დასავლეთთან და განაახლონ მოლაპარაკებები სერბეთთან.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც დაგეგმილ დროს ტარდება, 2008 წლის შემდეგ, როცა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 2008 წლიდან 2021 წლამდე კოსოვოში სრული ვადით ვერცერთმა პარლამენტმა იმუშავა და გამუდმებით ვადამდელი არჩევნები იმართებოდა.