საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკოლა სარკოზის ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯურის ტარება დაეკისრა.
მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, 70 წლის სარკოზის სახლიდან გასვლა მხოლოდ დილის 8:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შეეძლება. იმ დღეებში, როდესაც მისი ახალი სისხლის სამართლის საქმის სასამართლო სხდომები გაიმართება, ეს ვადა 21:30 საათამდე გახანგრძლივდება.
გამოცემა Le Monde წერს, რომ საფრანგეთში სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის მიმართ გამოყენებული ეს ზომა უპრეცედენტოა.
2021 წლის მარტში სასამართლომ ნიკოლა სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო. 2014 წელს სარკოზი 2007 წლის მისი წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაცის მისაღებად მოსამართლის მოქრთამვას ცდილობდა.
ყოფილ პრეზიდენტს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით პირობითი მიესაჯა, თუმცა, ციხის ნაცვლად, მას მისცეს შესაძლებლობა, რომ სასჯელი ელექტრონული სამაჯურით მოეხადა.
2023 წელს მან სასამართლოში სააპელაციო საქმე წააგო, 2024 წელს კი საკასაციო სასამართლომ მასთან დაკავშირებული განაჩენის სისრულეში მოყვანის განკარგულება გასცა.
BFMTV-ის ცნობით, სარკოზი, გეგმავს განაჩენი გაასაჩივროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.