შეერთებული შტატების იუსტიციის მდივანმა და გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ, ამ თანამდებობის დაკავებისთანავე, გამოსცა პოლიტიკის დირექტივა, რომელიც განსაზღვრავს უწყების საქმიანობის პრიორტეტებს.
პემ ბონდის განკარგულებით, იუსტიციის დეპარტამენტმა უცხოური გავლენის შემსწავლელი ჯგუფი გააუქმა. ეს ჯგუფი ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა გარე ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, გავლენის გასაკონტროლებლად, რაც მიმართულია შიდა უთანხმოების გაღვივებაზე, დემოკრატიის ძირის გამოთხრასა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე.
ამასთან, იუსტიციის დეპარტამენტმა დაშალა "კლეპტოქეფჩერ" ჯგუფი - ბაიდენის ადმინისტრაციის ინიციატივა, რომელიც რუსი ოლიგარქების ქონების დაყადაღებას ითვალისწინებდა, როგორც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მისი დასჯის ერთ-ერთ მექანიზმს.
იუტიციის დეპარტამენტმა ოთხშაბათს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კანონი "უცხო ქვეყნის აგენტების რეგისტრაციის აქტის" (FARA) მიმართ მიდგომა შეცვალა. ეს კანონი ითხოვს, რომ ის პირები, რომლებიც აშშ-ში უცხო ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, ან პოლიტიკური ორგანიზაციების სახელით ლობირებენ, რეგისტრირებული იყვნენ და თავიანთი საქმიანობა მთავრობას საჯაროდ აცნობონ.
თუმცა, ახალი პოლიტიკის თანახმად, პროკურორებს დაევალათ კრიმინალური სამართალწარმოების ფოკუსირება უფრო ტრადიციულ ჯაშუშობის საქმეებზე, ვიდრე რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევაზე.
ოთხშაბათს, ბონდის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეს, გენერალური პროკურორის ოფისმა თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია:
"ამ ინიციატივებზე მომუშავე ადვოკატები დაუბრუნდებიან თავიანთ ძველ თანამდებობებს, ხოლო ამ პროგრამებისთვის გამოყოფილი რესურსები მთლიანად დაეთმობა ნარკოკარტელებისა და ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების სრულ ლიკვიდაციას".