აგერ ამერიკა, აგერ „ფარა“, სიტყვა-სიტყვით ავიღებთ და საქართველოში გადმოვიტანთ, თუ კი რაიმე კითხვა გაქვთ მიმართეთ აშშ-ს ან მის საელჩოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხალხს, რომელიც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდა, კანონი წაკითხულიც არ ჰქონდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი, კანონის წინააღმდეგ განწყობა შეუქმნეს.
„მთავარი, რაც მოხდა „გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით, ამერიკული ფონდების დაფინანსებით პირდაპირ ააჯანყეს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ მოეხდინათ კანონის დისკრედიტაცია. ბევრი მსჯელობის დროს უცხოელებთან, თუ შიდა დისკუსიებისას, ვნახეთ, რომ არავის წაკითხულიც კი არ ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონი“. კითხვა გვქონდა, წაიკითხეთ თუ არა კანონი, ვარკვევდით, რომ ხალხს, რომელიც ამას აპროტესტებდა, წაკითხულიც კი არ ჰქონდათ. უცხოელებთან როდესაც ვსაუბრობდით, იქაც ვხედავდით, სინამდვილეში არ ესმოდათ, რა ეწერა კანონში. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა პირველმა უწოდა ამ კანონს რუსული კანონი და რუსეთიდან ინსპირირებული. ის იყო ამ კანონის ასეთი ბრენდინგის ავტორი. მას აჰყვნენ იმავე ბიუჯეტებიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, კანონის დისკრედიტაციას ცდილობდნენ და აზიანებდნენ მას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყოველგვარი შინაარსობრივი საკითხები რომ მოიხსნას და ახსნა -განმარტებები არ იყოს საჭირო, „ქართული ოცნება“ ამერიკულ „ფარას“ ერთი-ერთში გადათარგმნის და მიიღებს.
„რაც შეეხება „ფარას“, თქვენ ნახეთ, რომ ბევრი შეეცადა, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ბუნდოვანი გარემო შეექმნათ. მათ შორის, თარგმანში დაეკარგათ უცხოელები იმისთვის, რომ დისკრედიტაცია გამჭვირვალობის იდეის მოეხდინათ. ამიტომაც ჩვენ ვამბობთ - აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატები, არავის ეპარება ეჭვი, რომ მისი მოწყობა, კანონმდებლობა, სისტემა შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს. აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა „ფარასთან“ დაკავშირებით, სიტყვა-სიტყვით ავიღებთ და საქართველოში გადმოვიტანთ. თუ კი რაიმე კითხვა გაქვთ კანონთან დაკავშირებით, მიმართეთ აშშ-ს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს ამერიკაში და ა.შ.“, - განაცხადა პაპუაშვილმა.