4 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC) დატოვებას, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოსთვის (UNRWA) დაფინანსების შეჩერების გახანგრძლივებასა და გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO) მონაწილეობის გადახედვას.
"მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ გაერო-ს დიდი პოტენციალი აქვს. მაგრამ ახლა ის ვერ ამართლებს ამ პოტენციალს. ის არც თუ ისე კარგად იმართება და თავის საქმეს არ აკეთებს“. - თქვა დონალდ ტრამპმა დოკუმენტზე ხელმოწერისას.
UNRWA-ს აშშ-ის დაფინანსება 2024 წლის იანვარში ჯო ბაიდენის დროს მას შემდეგ შეუწყდა, რაც ისრაელმა სააგენტოს 12 თანამშრომელი დაადანაშაულა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმაში მონაწილეობაში.
აშშ-ის შემდეგ, ათზე მეტმა განვითარებულმა ქვეყანამ შეაჩერა UNRWA-ს დაფინანსება, კერძოდ, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და ავსტრალიამ.
კანადამ, შვედეთმა და იტალიამაც გააუქმეს, მაგრამ მოგვიანებით განაახლეს დაფინანსება.
მანამდე შეერთებული შტატები იყო UNRWA-ს უმსხვილესი დონორი, რომელიც ყოველწლიურად 300-400 მილიონ დოლარს აწვდიდა.