ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 18:00 საათზე “მოამბეს“ აღარ წაიყვანს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პროდიუსერებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და მასთან, როგორც “მოამბეს“ წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.
"მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე.
ოფიციალური პოზიცია - როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის" პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც "მოამბე"-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება "მოამბე"-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება,“- წერს ჩიქოვანი.