თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პენიტენციური სამსახურიდან წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, რომელშიც მითითებული იყო, რომ დავით ლომიძე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.
ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებულს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს . უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საწოლიდან ვერ დგება.
“ფორმალურად, სასამართლოში მოვიდა წერილი, სადაც დავით ლომიძე აცხადებდა, რომ არ სურდა, როგროც დისტანციურად ჩართვა, ასევე სასამართლოში გამოცხადება. პენიტენციური დაწესებულებიდან მოტანილ წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ ეს ადამიანი გადაყვანილი არის მე-18 დაწესებულებაში, სამედიცინო დაწესებულებაა ისევ და ისევ ციხის ტერიტორიაზე. მისი მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ, როგროც ჩვენთვის არის ცნობილი, იგი გადაჰყავდათ 2 დღის წინ საპატიმრო დაწესებულებიდან კერძო კლინიკაში, მაგრამ ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზის გამო უკან მიაბრუნეს. უჩიოდა ტკივილებს ფეხისა და ხერხემლის არეში. მას მერე ამ ადამიანს უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა და იმასაც კი ვერ ახერხებდა, რომ ჩემთან გამოსულიყო და უშუალოდ შემხვედროდა. მიზეზი არის ნაოპერაციევი, რომელიც წლების წინ ჰქონდა გაკეთებული და როცა მისი დაკავების პროცესში და არა მარტო მასზე, როდესაც განხორციელდა ძალადობა, გამოიწვია ნაოპერაციები ჭრილობის გამწვავება. ეს ადამიანი საწოლიდანაც ვერ დგება და თანამესაკნესგან ვიცით, რომ როდესაც საპირფარეშოში გადის, ხშირ შემთხვევაში, ისინი ეხმარებიან“, - განაცხადა ადვიკატმა.
დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.