ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს მზია ამაღლობელი დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მზია ამაღლობელის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, სახელმწიფო შანტაჟს ვერ და არ დაექვემდებარება.
„სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არცერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესია, რომ სახელმწიფო შანტაჟს ვერ და არ დაექვემდებარება. თუ უნდათ, კარგად იყოს, შიმშილისა და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის თავს, ჯანმრთელობას მიხედოს. შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი სახელმწიფოსათვის დიდი ზიანის მომტანია. შიმშილობა, საერთოდ, სრულდება სიკვდილით და ამისკენ მოუწოდებენ. გმირად წარმოაჩენენ ადამიანს, რომლის სიკვდილი უნდათ. სალომე ზურაბიშვილმა ცოტა რბილად თქვა და მერე დეპუტატებმა, ჩვენმა კოლეგებმა დააკონკრეტეს, რომ მზია ამაღლობელი არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი – მათ თქვეს, ჩვენ კი არ ვამბობთ. ჩვენ რომ გვეთქვა, წარმოიდგინეთ, რა ამბავს ატეხდნენ. დღევანდელობის პარადოქსია, რომ ათი „ნაციდან“, სულ მცირე, ცხრა ალბათ მის სიკვდილზე ფიქრობს და ოცნებობს. სუბიექტურად, ძალიან ბოროტებიც რომ ვიყოთ, არცერთ ჩვენგანს არ უნდა რაიმე ფატალური განვითარება ამ კონკრეტული „ქეისის““, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.