კვირას, 2 თებერვლის საღამოს, შეერთებულ შტატებში, ლოს ანჯელესში წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოება გაიმართა.
ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ პირველად მოიპოვა მუსიკალური კონკურსის, გრემის მთავარი ნომინაციის ჯილდო.
43 წლის წლის მომღერალმა კარიერის განმავლობაში, პირველად გაიმარჯვა "წლის საუკეთესო ალმობის" ნომინაციაში კრებულისთვის Cowboy Carter.
ალბომი Cowboy Carter 2024 წლის მარტში გამოვიდა. ის არის ბიონსეს მერვე სტუდიური ალბომი და პირველი ქანთრის ჟანრში, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა სინგლით Texas Hold'Em.
ბიონსეს მოხსნილი აქვს გრემის ყველა რეკორდი - მიღებული აქვს 32 ჯილდო და 99 ნომინაცია, თუმცა მას არასდროს გაუმარჯვია "წლის საუკეთესო ალბომის" ნომინაციაში, მიუხედავად იმისა, რომ 4-ჯერ იყო წარდგენილი.
გრემის წლევანდელი დაჯილდოება ტრიუმფალური აღმოჩნდა შემსრულებელ კენდრიკ ლამარისთვისას. მისმა სიმღერამ Not Like Us გრემის ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა - წლის ჩანაწერი, წლის სიმღერა, საუკეთესო რეპ სიმღერა, საუკეთესო რეპ შესრულება და საუკეთესო კლიპი.
26 წლის ჩაპელ რონი 2024 წლის საუკეთესო ახალბედა შემსრულებლად აღიარეს. გასულ წელს მისი სიმღერები Hot to Go!, Good Luck, Babe! და Pink Pony Club მსოფლიო ჰიტები გახდნენ.
საუკეთესო პოპ სოლო შემსრულებლის ნომინაციაში საბრინა კარპენტერმა გაიმარჯვა. მან ასევე მოიპოვა ჯილდო საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომისთვის.
ჯილდო საუკეთესო პოპ დუეტისთვის გადაეცათ ლედი გაგასა და ბრუნო მარსს სიმღერისთვის Die with a Smile.
მედია ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდად შაკირას სიტყვით გამოსვლას ასახელებს. მან გაიმარჯვა საუკეთესო ლათინური პოპ ალბომის ნომინაციაში.
ჯილდოს მიღებისას, 48 წლის კოლუმბიელმა მომღერალმა შეერთებულ შტატებში იმიგრანტების მდგომარეობაზე ისაუბრა და თავისი ჯილდო “ამ ქვეყანაში ყველა იმიგრანტ ძმასა და დას” მიუძღვნა.
გრემის 67-ე დაჯილდოებაზე ჯამში 94 კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ცერემონიას მეხუთედ უძღვებოდა სამხრეთ აფრიკელი კომიკოსი, მსახიობი და ტელეწამყვანი ტრევორ ნოა.