სერბეთის ქალაქ ნოვი სადში საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებმა სამი ხიდი გადაკეტეს.
"სამი თვე - სამი ხიდი" - ასე ჰქვია სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ნოემბრის ტრაგედიის გამო ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას.
აქციის მონაწილეები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკასირებას ითხოვენ პირებზე, ვინც 2024 წლის 1-ელ ნოემბერს განახლებული რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევის მიზეზი გახდა. გადახურვის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა.
შაბათს, 1-ელ თებერვალს ნოვი სადში მომხდარი ტრაგედიიდან სამი თვე შესრულდა. სტუდენტები ამ დროის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავენ.
პრიტესტის მონაწილეთა ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია, ზოგი კი წინა დღეს ფეხით და ველოსიპედით ჩავიდა ბელგრადიდან და სერბეთის კიდევ ერთი ქალაქიდან, ნიშიდან.
აქციის მონაწილეებს უამრავი მოტოციკლისტი შეუერთდა, ასევე მანქანების დიდი კოლონა, რომელიც სერბეთის დედაქალაქის მიმართულებით მოძრაობდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ მდინარე დუნაიზე ორი ხიდი, რის შემდეგაც მესამე, თავისუფლების ხიდზე 2 თებერვლამდე დარჩენა გადაწყვიტეს.
მიმდინარე კვირას საპროტესტო გამოსვლების ფონზე გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი. მანამდე, რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო თანამდებობა დატოვა ორმა მინისტრმა – მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის, ასევე ვაჭრობის სამინისტროების ხელმძღვანელებმა.