ისაკო დევიძეზე, რომელიც დღეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციამ იძალადა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
ტყეშელაძემ დაკავებული დიღმის პოლიციის იზოლატორში ცოტა ხნის წინ მოინახულა. მისივე ინფორმაციით, დევიძემ შიმშილობა დაიწყო
"ისაკო დევიძესთან ქუჩაში გადაადგილების დროს მივიდნენ არაფორმაში ჩაცმული ადამიანები, ჩასვეს მანქანაში და უკვე იქ უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ და არ მისცეს უფლება, რო ვინმესთან დაერეკა და წაართვეს ტელეფონი. მითხრა, რომ მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ შეეცადა პოლიციელებისგან ცოტა გაწეულიყო, რომ რამე არ ჩადოთ მისთვის. მაგრამ იქ დახვდა ვიღაც ადამიანი, რომელმაც დააკავა. როდესაც უთხრეს, რომ სახლში წამოდიო, სადარბაზოში მასზე იძალადეს. უკვე როდესაც სახლში შეიყვანეს, ისაკო დევიძემ თვითონ გააღო კარი და სახლში შევიდნენ, დაიწყეს ჩხრეკა და ალბათ რომ ვერაფერი ვერ იპოვეს , დაუწყეს გინება, როდესაც ისაკომ უთხრა, რატომ მაგინებთო, ამაზე - რამდენს ლაპარაკობ ბიჭოო და მეორეჯერ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. " განაცხადა ადვოკატმა იზოლატორის დატოვების შემდეგ.
დღეს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების სახლში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. შსს-ს თანამშრომლებმა ნენსი ვოლანდის, ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის სახლები გაჩხრიკეს.
ისაკო დევიძე დააკავეს, ხოლო ილია ღლონტი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ დღეს კიდევ ერთი მოქალაქის, სანდრო ჭითანავას სახლიც გაჩხრიკა, რის შემდეგაც დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანა.