საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ნამდვილ ომშია შესული თავის მოსახლეობასთან. ამის შესახებ ზურაბიშვილმა გამოცემა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„იზოლირებული ხდება ხელისფულება, ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოება ხდება იზოლირებული. პირიქით, უფრო და უფრო მეტად ისმის გარედან მხარდაჭერა ამ საზოგადოების და მე მგონი, არ შეიძლება, რომ ამ რეპრესიებმა საზოგადოების პროტესტს ბოლო მოუღოს, რადგან, ჩვენ არ ვართ არც ბელარუსი, არც რუსეთი, აქ არის სხვა შემართება და ამ შემართებას ჰქვია მზია ამაღლობელი, ამიტომ, ეს ამის მაგალითს გვაძლევს, რომ რაც არ უნდა რთული იყოს, ეს არ უნდა შეწყდეს და ცხადია, სირთულეები არის, უფრო მეტიც შეიძლება იყოს, მაგრამ იმასაც უნდა ვხედავდეთ, რომ რასაც დღეს აკეთებენ, ნიშანი არის შიშის და არა შინაგანი სიძლიერის. ძლიერი რომ ხარ, არ გჭირდება ეს ომი. მათი ქმედებები, ფაქტობრივად, ახალი წლიდან არის მხოლოდ რეპრესიული ქმედებები. არცერთი გადაწყვეტილება, განაცხადი არ ყოფილა, რომელიც არ არის მიმართული თავის მოსახლეობის წინააღმდეგ. ნამდვილ ომში არიან შესულები თავის მოსახლეობასთან. ეს არის ნიშანი იმის, რომ თვითდაჯერებულები არ არიან, რომ აქვთ შინაგანი შიში და ცხადია, რომ ამ შემთხვევაში, ყველაფერი ერთად მოქმედებს - გარედან, ეს პოლიტიკურ-მორალური ზეწოლა, სანქციები, ეკონომიკური მდგომარეობა, რომ არ მიდის სწორი მიმართულებით, რაც არ უნდა განაცხადონ მილიონების შემოტანა და თუ ზღაპრები, მე დავარქვი ამას "არაბული ზღაპრები". - განაცხადა ზურაბიშვილმა.