როდესაც შენ პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განაცხადა.
ზარქუას თქმით, მზია ამაღლობელის ქმედებას ადეკვატური რეაგირება მოჰყვა შესაბამისი უწყებების მხრიდან.
“მინდა საზოგადოებამ გაიგოს, ეს ქალბატონი იმ დღეს შემჩნეული იყო, რომ უცენზურო სტიკერებს აკრავდა ზურგზე პოლიციელებს. ამის შემდეგ, ხელწერილით გამოუშვეს. ზუსტად ნახევარ საათში ჩაიდინა ის აღმაშფოთებელი ქმედება, რომ სახეში გაარტყა პოლიციელს და ამას მოჰყვა ადეკვატური რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან,“ - განაცხადა ზარქუამ.
მისივე თქმით, საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს კანონებით.
„ეს არის სახელმწიფო, საქართველო, რომელიც მოქმედებს კანონებით. კანონის მიხედვით, როდესაც შენ პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ასე ვუყურებთ და ეს ასე არის. ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება. ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობა ის არის, რომ სამედიცინო სერვისი დროულად და ხარისხიანი გაუწიოს მსჯავრდებულს. დანარჩენი, მსჯავრდებულის გადასაწყვეტია იშიმშილებს თუ არა. ეს ერთი, და მეორე, მინდა გავიხსენო ის პარალელები, გახსოვთ სააკაშვილთან დაკავშირებით როდესაც ევროპარლამენტიდან, ევროსტრუქტურებიდან, სენატიდან, კონგრესმენები, მთელი მდიდარი "ენჯეოშნიკები" ჩართულები რომ იყვნენ და გვეუბნებოდნენ, თურმე ვკლავდით, ვწამლავდით, ვაშიმშილებდით, გახსოვთ ეს მუქარები და შანტაჟები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორ დამთავრდა? - ჩვენ მაშინაც ვამბობდით, უბრალოდ იკვებოს და კარგად იქნება.
რაც შეეხება სამედიცინო სერვისს, როგორც სააკაშვილს უწევდა მაშინ იუსტიციის სამინისტრო, ზუსტად ანალოგიურად, ახლაც, ყოველდღე არის მონიტორინგის ქვეშ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, შიმშილობა არ იქნება ინდულგენცია, რომ პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდეს რომელიმე პირი. დააშავებ? - ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და იქნება მსჯელობა და მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას. ხოლო ის ბულინგი და მცდელობა, ეს კინო ნანახი გვაქვს და ამით ვერც შეგვაშინებთ და ვერც დააჩოქებთ ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.