აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი, რიჩარდ გრენელი პარასკევს ვენესუელაში ნიკოლას მადუროს შეხვდება. იუწყება CNN.
მოსალოდნელია, რომ გრენელი მადუროს პარასკევს, 31 იანვარს შეხვდება და მათი საუბრის თემა, პირველ რიგში, აშშ-დან არალეგალური ვენესუელელი მიგრანტების დეპორტაცია იქნება.
ასევე, CNN-ის ცნობით, ტრამპის წარმომადგენელმა შესაძლოა დააყენოს ვენესუელაში დაკავებული რამდენიმე ამერიკელის საკითხი.
CNN-ის წყაროს ცნობით, გრენელი ტრამპის არჩევის შემდეგ არაერთხელ შეხვდა ვენესუელის ოპოზიციას და, სავარაუდოდ, ამ ვიზიტის დროს კვლავ შეხვდება.
როგორც ცნობილია, მასიური გაყალბებისა და საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის გამო აშშ და ევროპა არ აღიარებენ ვენესუელას ლეგიტიმურ პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს 2024 წლის ივლისის არჩევნების შემდეგ.