აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტ მეგინ კელისთან ინტერვიუში განაცხადა.
რუბიოს თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკება ორივე მხარიდან დათმობას გულისხმობს,
„პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ეს გაჭიანურებული კონფლიქტია და ის უნდა დასრულდეს. და ეს უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით. მოლაპარაკებისას მხარეებმა რაღაც უნდა დათმონ. ჩვენ წინ გვაქვს რთული დიპლომატიური სამუშაო, რომელსაც წარსულში უკვე ვაწარმოებდით”, - თქვა რუბიომ.
მან დასძინა, რომ ომის დიპლომატიური გზით მოგვარებას დრო დასჭირდება, მაგრამ ტრამპი მდგრადი მშვიდობის მიღწევას აპირებს. მისივე თქმით, ამ ომში ორივე მხარე მძიმე საფასურს იხდის და როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი დაინტერესებულები არიან ომის დასრულებით.
„ეს ომი არ დასრულდება ერთ-ერთი მხარის მიერ მაქსიმალური მიზნების მიღწევით და ბევრი მძიმე სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობ, ეს შეიძლება მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით გახდეს შესაძლებელი. ადვილი არ იქნება, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ ვიცი, რომ ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამას მიაღწიოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.