ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუციის მირებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება.
„გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 3 თვიანი გაფრთხილება მისცა საქართველოს მმართველ პარტიას, რათა ან შეასრულოს პირობები (ახალი არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა) ან იყოს გარიცხული. ეს არის ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება, მაგრამ სამწუხარო, რადგან ევროპის საბჭო იყო პირველი ევროპული ორგანიზაცია, რომელსაც შეუერთდა საქართველო!“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს, რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართული ოცნებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ამავე დოკუმენტში საუბარია ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებაზე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ.