დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური დახმარების დროებით გაყინვის ბრძანება გააუქმა. ამის შესახებ ABC იუწყება.
დოკუმენტის მიხედვით, გაუქმდა ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო დეპარტამენტის M-25-13 შესაბამისი მემორანდუმი. ახალ მემორანდუმში, რომელიც ორგანიზაციებში აშშ-ს მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის (OMB) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მეთიუ ვეითის მიერ გაიგზავნა, აღნიშნულია, რომ "OMB მემორანდუმი M-25-13 გაუქმებულია".
მოგვიანებით თეთრმა სახლმა უარყო, რომ ფედერალური დაფინანსების გაყინვა გაუქმდა და აღნიშნა, რომ აკრძალვა "ძალაში რჩება".
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა X-ზე დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინა მემორანდუმი, ფედერალური გრანტების შეჩერების შესახებ, ადმინისტრაციამ გააუქმა, უცხოური დახმარებისა და ე.წ. DEI პროგრამების [Diversity - მრავალფეროვნება, Equity - თანასწორობა, Inclusion - ინკლუზიურობა] გაყინვის გადაწყვეტილება ძალაში რჩება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ შეაჩერა ტრამპის ბრძანება საერთაშორისო დახმარების გაყინვის შესახებ. „პრეზიდენტ ტრამპის მცდელობა, გაეყინა ასობით მილიარდი დოლარის ფედერალური დახმარება, დროებით დაიბლოკა სასამართლოში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ფედერალური დახმარების დროებითი შეწყვეტა ძალაში 28 იანვარს, ვაშინგტონის დროით 17:00 საათზე უნდა შესულიყო.
მოსამართლემ ფედერალური დახმარების გაყინვის 2 თებერვლამდე შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც წინა დღით ორგანიზაციების ჯგუფმა, რომლებიც ფედერალურ გრანტებს იღებდნენ, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.