„ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან ბრძოლაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული ოცნება პირწმინდად დამარცხდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან ბრძოლაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
ან აპრილამდე შეასრულებენ ქვემოთ მოყვანილ მოთხოვნებს ან უბრალოდ გამოყრიან ასამბლეადან.
ძალიან უსუსური იყო ოცნების დელეგაციის მცდელობები თავი დაეძვრინად მდგომარეობიდან და კიდევ უფრო უსუსურია მათი თავის მართლების რიტორიკა.
შესასრულებელი მოთხოვნები:
11.1. დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნებიან მმართველი გუნდი, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა მოხდეს საარჩევნო პროცესის ხარვეზების აღმოფხვრა და ჭეშმარიტად დემოკრატიული საპარლამრნტო არჩევნებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა, რომლის თარიღიც უნდა გამლცხადდეს მომდევნო თვეში.
11.2. გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასაჩქარებლად და რეფორმების გასაძლიერებლად;
11.3. შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა და ადამიანის უფლებების დარღვევები, უზრუნველყოს მათი გამოძიება და პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას;
11.4. გააღრმაოს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და აქტიურად ჩაერთოს გენერალური მდივნის ინიციირებულ პროცესში;
11.5. გადახედოს ასამბლეის მიერ 2438 (2022) და 2561 (2024) რეზოლუციებში გამოთქმულ რეკომენდაციებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებულ შეშფოთებებს;
11.6. 2025 წლის აპრილის სესიამდე გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი;
11.7. სრულად ითანამშრომლოს ასამბლეის მონიტორინგის პროცესთან“, - წერს დიმიტრი ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს, რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართული ოცნებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ამავე დოკუმენტში საუბარია ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებაზე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ.