ამერიკელმა სამხედროებმა ისრაელის საწყობებიდან ამოიღეს საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის დაახლოებით 90 რაკეტა და გადაიტანეს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში, რომელიც აშშ-სა და ნატო-ს ქვეყნებისთვის უკრაინაში იარაღის მიწოდების მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს.
"ეს არის იარაღის ყველაზე დიდი გადაზიდვა ისრაელიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ", - იტყობინება გამოცემა Axios სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასული წლის აპრილში ისრაელის საჰაერო ძალებმა ოფიციალურად მოხსნეს შეიარაღებიდან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ის პირველად გადასცეს ქვეყანას შეერთებულმა შტატებმა.
დღეს მან დაკარგა აქტუალობა ისრაელისთვის, რადგან ისრაელმა შეიმუშავა საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემები, Patriot-ის ბატარეების უმეტესობას კი იყენებდა სასწავლო მიზნებისთვის.
„ბოლო დღეებში აშშ-ის საჰაერო ძალების C-17-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავები სამხრეთ ისრაელის ბაზაზე ჩავიდნენ, საიდანაც ისინი პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში გაფრინდნენ“, - აღნიშნავს გამოცემა.
ასევე იუწყებიან, რომ დამატებითი აღჭურვილობა, მათ შორის რადარები და საჰაერო თავდაცვის სისტემების სხვა ელემენტები, პირველად გაეგზავნება შეერთებულ შტატებს მოდერნიზაციისთვის. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 28 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარი გამართეს.
Axios-ის წყაროების თანახმად, მას შემდეგ რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ადრე გამოაცხადეს Patriot-ის რაკეტების ექსპლუატაციიდან ამოღების შესახებ, უკრაინის ხელისუფლებამ მიმართა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ამ ამერიკული რაკეტების უკრაინაში გაგზავნის წინადადებით.
თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ნეთანიაჰუ რამდენიმე თვის განმავლობაში ამ საკითხზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებდა, რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომების შიშით
გამოცემის წყაროს თქმით, აღნიშნულ იდეას ნეთანიაჰუ მხოლოდ 2024 წლის სექტემბრის ბოლოს დაეთანხმა.