სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოითხოვა. ინფორმაციას Reuters სირიულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 იანვარს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სირიის ახალ რეჟიმთან "მოკლე" საუბარი გამართეს. სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, რუსეთი ქვეყანაში არსებულ ორ სამხედრო ბაზაზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა, რუსულ მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ რას ითხოვს სირია სანაცვლოდ.
წყაროს თქმით, სირიის ახალი რეჟიმის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ, რუსეთს სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა. ასადი სირიიდან მაშინ გაიქცა, როცა დეკემბერში ამბოხებულებმა მისი რეჟიმი რამდენიმე დღეში დაამხეს.
კითხვა,ზე მოითხოვა თუ არა სირიამ რუსეთისგან ასადის გადაცემა და კომპენსაციის გადახდა, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი ხელმძღვანელობდა, სირიის ახალმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა უნდა მოიცავდეს წარსული შეცდომების გამოსწორებას, სირიის ხალხის ნების პატივისცემას და მათი ინტერესების დაცვას.
სირიული წყაროს თქმით, რუსები არ იყვნენ მზად ასეთი შეცდომების აღიარებისთვის და ერთადერთი შეთანხმება, რასაც მიაღწიეს, იყო მოლაპარაკებების გაგრძელება.