26 წლის ანრი კვარაცხელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.
ანრი კვარაცხელიას პროკურატურა შსს-ს თანამშრომლებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება.
კვარაცხელია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები ვერ ადასტურებს იმას, რომ ანრი კვარაცხელიამ დანაშაული ჩაიდინა.
საქმის არსებითი განხილვა 12 თებერვალს, 11:00-ზე დაინიშნა.
ანრი კვარაცხელიას ოჯახის წევრები და ადვოკატი აცხადებენ, რომ მისი დაკავება 5 დეკემბერს დილის 8 საათისთვის საკუთარ ბინაში ძალადობრივად მოხდა.
ბინაში შესვლამდე სამართალდამცავებს არ წარუდგენიათ ჩხრეკის ოქმი ან განჩინება, კვარაცხელიას დას და მეუღლეს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ანრი კვარაცხელიას მეუღლემ, ნუცა ერემიანმა „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ მისი ქმრის დაკავების პროცესით მიღებული სტრესის ფონზე მუცელიც მოეშალა.