18 წლის საბა ჯიქია მოსამართლე ლელა კალიჩენკომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
2006 წელს დაბადებულ ბიჭს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის, პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდების მიხედვით, საბა ჯიქია 1-ელ დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე თავს დაესხა გდდ-ის თანამშრომელს, ბექა გოტიაშვილს, კერძოდ, ფეხი დაარტყა.
საბა ჯიქია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
საბა ჯიქიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობისას, პატიმრობის დასაბუთებად პროკურორმა თამარ იაკობიძემ დაასახელა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მიმალვის საფრთხე.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საქმის არსებითი განხილვა 11 თებერვალს, 14:00-ზე დაინიშნა.