ფსიქოლოგები საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავენ და მოუწოდებენ, უზრუნველყოს კვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი პროტოკოლის და წესების დაცვით.
"ჩვენ, საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. უკვე მე-18 დღეა, რაც მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
2025 წლის 28 იანვარს, ექიმებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ისინი გამოთქვამენ საფუძვლიან შიშს მზია ამაღლობელის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შესახებ. ჩვენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც ლეგიტიმურ ინსტიტუციას, გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ უზრუნველჰყოთ დარგში აღიარებული, კვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი პროტოკოლის და წესების დაცვით.
თავისუფლება მზია ამაღლობელს!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!" - ნათქვამია მიმართვაში.