მოსამართლემ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 3 სტუდენტს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, ხოლო 1 სტუდენტი, ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა. ანრი კაკაბაძის შემთხვევაში მოსამართლემ გაითვალისწინა, ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ იგი წარსულში ნასამართლევია.
ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა პროკურორმა საქმეში დაზარალებულის მოთხოვნით დააყენა. „ბათუმელები” წერს, რომ ანრი კაკაბაძე ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი აქამდე იყო გათავისუფლებული, რის გამოც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ის პატიმრობაში დატოვა.
9 დეკემბერს სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი: გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე სისხლის სამართლის კოდექსით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დააკავეს.
კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 3 დეკემბერს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით, აღნიშნულის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ დეკანი და მისი სტუდენტები მოგვიანებით რექტორის მეუღლეს და მის მეგობარს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.