გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორის მენეჯერთან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჰოლგერ ქრეისთან გამართულ შეხვედრაზე ირიგაციის განვითარების და მიწის მდგრადი მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა. ყურადღება გამახვილდა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების, ფერმერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და სოფლის მეურნეობაში გლობალური დათბობით გამოწვეული რისკების შემცირების საკითხებზე.
„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რაც სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ მივყვებით სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიას და არსებულ სამოქმედო გეგმას; მათი განხორციელებისთვის მსოფლიო ბანკის ჩართულობა, განსაკუთრებით, ახალი ტექნოლოგიების გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორის მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჰოლგერ ქრეიმ მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის რეგიონში ახალი პროექტები განახორციელოს.
„ის ფაქტი, რომ საქართველოში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები ერთ სამინისტროშია გაერთიანებული, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებას უფრო ეფექტიანს ხდის,“- აღნიშნა ჰოლგერ ქრეიმ.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის (GRAIL) პროექტს ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, ფერმერებისთვის გაუმჯობესდება საირიგაციო და სადრენაჟო მომსახურება, სასოფლო-სამეურნეო წარმოება და გაძლიერდება ეროვნული სარწყავი და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობები.
შეხვედრას მსოფლიო ბანკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.