აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის დასრულებას მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის აპირებს. ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემა The Independent-ს ინსაიდერმა განუცხადა. მისი თქმით, ის, რომ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ტრამპის ინაუგურაციას ესწრებოდა, მოწმობს აშშ-ის პრეზიდენტის განზრახვას უზრუნველყოს უკრაინისთვის სასარგებლო გარიგება.
ინსაიდერის თქმით, ტრამპი სერიოზულად ეკიდება უკრაინაში რუსეთის ომის მოგვარების საკითხს.
მან აღნიშნა, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტს მოუწევს არაერთი რთული ამოცანის გადაჭრა, თუმცა ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აუცილებლად იმუშავებს და ოფიციალური შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ოფიციალური დელეგაცია აშშ-ის პრეზიდენტს თებერვალში შეხვდება.
ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ტრამპი ახლა „ორმაგ თამაშს“ თამაშობს, რათა დაასრულოს ომი.
კერძოდ, მან გააფრთხილა ვლადიმირ პუტინი, რომ შეერთებული შტატები მზადაა განაგრძოს კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერა კონფლიქტის დასრულებამდე. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ზელენსკი „ანგელოზი არ არის“.
ჟურნალისტების თქმით, ასეთი მიდგომა ასახავს ტრამპის ადმინისტრაციაში არსებულ უთანხმოებას ომთან დაკავშირებით და აჩვენებს იმას, თუ რამდენად დიდ მხარდაჭერას იმსახურებს უკრაინა.
ამის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ომის დასრულებას გაზაფხულზე აპირებს.