მზარდი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ არ გადადგება და ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების შედეგად შეიცვლება. იუწყება Reuters
გუშინ სლოვაკეთის თითქმის 30 ქალაქში ხალხი გამოვიდა ქუჩებში ლოზუნგით „სლოვაკეთი ევროპაა“. პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორი ინიციატივა „მშვიდობა უკრაინაში“ და ოპოზიციური პარტიები იყვნენ. აქციის ორგანიზატორთა შეფასებით, მთლიანობაში, დემონსტრაციაში მონაწილეობა 100 000-მდე ადამიანმა მიიღო, რაც ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციებია მას შემდეგ, რაც ფიცო ხელისუფლებაში 2023 წელს დაბრუნდა.
ფიცოს თქმით, მასობრივ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მესამედი უკრაინელია, „რომლებიც სლოვაკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არიან“.
„მე არ მესმის, რატომ უნდა გააკრიტიკონ უკრაინელებმა სლოვაკეთის მთავრობა“, – აღნიშნა ფიცომ.
ფიცოს თქმით, აქციის მონაწილეები ორგანიზატორებმა მოატყუეს. მისივე თქმით, სიცრუეა, რომ მთავრობას ევროკავშირის დატოვება სურს.
„ყველა ადამიანმა, რომელმაც იცის, რა არის ორჯერ ორი, კარგად ესმის, რომ სლოვაკეთის მთავრობას არასოდეს გადაუდგამს და არასოდეს გადადგამს ნაბიჯს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირში წევრობას“, - განაცხადა მან.