რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ "ჰამასმა" წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს კიდევ 4 ისრაელელი მძევალი გადასცა.
მძევლების გადაცემა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, სადაც ჩანდა, რომ 4 ისრაელელი ქალი სამხედრო ღაზის ცენტრალურ მოედანზე მიიყვანეს, შემდეგ კი მოათავსეს წითელი ჯვრის მანქანებში, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობით იყო გარშემორტყმული.
მძევლების გათავისუფლება მოხდა ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, რომელსაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებდა.
გათავისუფლებული სამხედროები არიან კარინა არიევი, დანიელა გილბოა, ნაამა ლევი და ლირი ალბაგი. ისინი "ჰამასმა" 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცა.
"ჰამასის" განცხადებით, 4 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელი 200 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.
ეს არის მძევლებისა და პატიმრების მეორე გაცვლა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში. პირველი გაცვლილსას ჰამასმა გაათავისუფლა სამი მძევალი ქალი 90 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.