გერმანულმა ღრუბლოვანმა სერვისის პროვაიდერმა (Cloud Service Provider) შემთხვევით ხელმისაწვდომი გახადა ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მილიონობით მოქალაქის სენსიტიურ პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა. იტყობინება Cybernews-ი.
SecurityDiscovery.com-ის მფლობელმა და Cybernews-ის მკვლევარმა ბობ დიაჩენკომ დაუცველი Elasticsearch ინდექსი აღმოაჩინა. Elasticsearch არის პლატფორმა მონაცემთა ანალიზისა და ძიებისთვის თითმის რეალურ დროში. მონაცემები განთავსებული იყო სერვერზე, რომელსაც გერმანიაში დაფუძნებული ღრუბლოვანი სერვისის პროვაიდერი ფლობდა.
გაჟონილი ინფორმაციის ერთი ნაწილი მოიცავდა თითმის 5 მილიონი პიროვნების პერსონალურ მონაცემებს, ხოლო მეორე 7 მილიონზე მეტ ჩანაწერს.
Cybernews-ის ინფორმაციით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონამდეა, გაჟონილი ინფორმაცია შესაძლოა, შეიცავდა დუბლირებულ მონაცემებს ან ჩანაწერებს გარდაცვლილ მოქალაქეებზე.
გაჟონილი ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს:
პირად ნომრებს
სრულ სახელებსა და გვარებს
დაბადების თარიღებს
სქესს
სერტიფიკატის მსგავსი ნომრები (პოტენციურად დაზღვევა),
ტელეფონის ნომრები მფლობელის შესახებ აღწერილობითი ინფორმაციით.
Cybernews-ის ინფორმაციით, აღმოჩენიდან მალევე სერვერი offline რეჟიმში გადაიყვანეს და გამოქვეყნებულ მონაცემებზე საჯარო წვდომა დაიხურა
ბობ დიაჩენკოს განცხადებით, ამ მასშტაბის ინფორმაციის სახიფათო პირების ხელში მოხვედრა შეიცავს მაღალ რისკებს, რომ მონაცემები გამოყენებულ იქნას თაღლითობის ან გავლენის კამპანიებისთვის. რეგიონში, სადაც გეოპოლიტიკური დაძაბულობა მაღალია, პერსონალური ინფორმაციის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს ნდობა საზოგადოებაში, შექმნას დეზინფორმაციის შესაძლებლობები და ზიანი მიაყენოს დაუცველ პირებს