„ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევლის ვინაობა დაასახელა, რომლებსაც შაბათს, 25 იანვარს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში გაათავისუფლებენ. ოთხივე ქალი სამხედროა. მათ 180 პალესტინელ პატიმარში გაცვლიან, რომლებიც ამჟამად ისრაელის ციხეებში იმყოფებიან.
ეს იქნება მეორე გაცვლა გასული კვირის შემდეგ, როცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა.
პირველი გაცვლისას ისრაელმა სამი მძევალი დააბრუნა და 90 პალესტინელი გაათავისუფლა.
უახლოეს მომავალში „ჰამასი“ ასევე გამოაქვეყნებს ინფორმაციას დარჩენილი 26 მძევლის შესახებაც, რომელთაც ეტაპობრივად, მომდევნო ხუთი კვირის ვადაში გაათავისუფლებენ. მათ შორისაა ბიბასის ოჯახი – მშობლები ორი მცირეწლოვანით, რომელთაგან უმცროსი გატაცების დროს მხოლოდ 10 თვის იყო.
„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა და ის სამ ეტაპს მოიცავს.
შეთანხმების პირველი ეტაპი მოიცავს 33 ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას დაახლოებით 1000 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.
ისრაელის ჯარები უნდა გავიდნენ ღაზის სექტორის საზღვრებთან, თუმცა ისინი ამ დროისთვის ამ საზღვრებში დარჩებიან.
ცეცხლის შეწყვეტის პირველი დღიდან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დღეში 600 სატვირთო მანქანამდე გაიზრდება, მათ შორის იქნება 50 საწვავით დატვირთულ;ი მანქანა. პალესტინელები მიიღებენ 200 ათას კარავს და 60 ათას მოძრავ სახლს.
შეთანხმების გარანტორები არიან კატარი, ეგვიპტე და შეერთებული შტატები, რომლებიც კაიროში საკოორდინაციო ცენტრს შექმნიან.
ამასთან, შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა კატეგორიული უარი თქვა იმ პატიმრების გათავისუფლებაზე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა 7 ოქტომბრის თავდასხმაში.
ცეცხლის შეწყვეტამდე, ღაზაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.