რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ტელეარხ „როსიასთან“ საუბრისას თქვა, რომ ტრამპი რომ ყოფილიყო აშშ-ს პრეზიდენტი 2022 წელს, მაშინ შესაძლოა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი არ დაწყებულიყო. მისი თქმით, დონალდ ტრამპი თუ იქნებოდა პრეზიდენტი და მისთვის 2020 წელს გამარჯვება არ მოეპარათ, მაშინ შესაძლოა, უკრაინაში არ ყოფილიყო ისეთი კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო.
"რუსეთს არასდროს უთქვამს უარი აშშ-ს ადმინისტრაციასთან კონტაქტებზე. და ეს ჩვენი ბრალი არ არის, რომ წინა ადმინისტრაციამ უარი თქვეს ამ კონტაქტზე. მე ყოველთვის მქონდა საქმიანი და, ამავდროულად, პრაგმატული ურთიერთობები აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტთან [ტრამპთან], სანდო, ვიტყოდი. არ შემიძლია, არ დავეთანხმო მას, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო [ომის დაწყების დროს] და მისთვის 2020 წელს გამარჯვება არ მოეპარათ, მაშინ, იქნებ, უკრაინაში არც ყოფილიყო კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო". - თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, უკეთესი იქნება, რომ პრეზიდენტები "დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე შეხვდნენ და მშვიდად ისაუბრონ ყველა იმ სფეროზე, რომელიც აშშ-ის და რუსეთის ინტერესს წარმოადგენს".
„ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ უპირველეს ყოვლისა, ასეთი შეხვედრის შესაძლებლობა „ამჟამინდელი ამერიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებსა და არჩევანზეა დამოკიდებული“.
პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთნ დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ აღიარა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ შესაძლოა, მიიჩნიოს არალეგიტიმურად, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთის პრეზიდენტთან ასეთი მოლაპარაკებების აკრძალვის გამო.
„კიევის რეჟიმის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, როდესაც ის ჯერ კიდევ საკმაოდ ლეგიტიმური იყო, გამოსცა ბრძანება მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ.
როგორ შეიძლება ახლა განახლდეს მოლაპარაკებები, თუ ისინი აკრძალულია?
თუ მოლაპარაკებები დაიწყება მოქმედი ნორმატიული ბაზის ფარგლებში, მაშინ ის, მკაცრად რომ ვთქვათ, იქნება არალეგიტიმური, რაც ნიშნავს, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებიც არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს“, - თქვა პუტინმა.