აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის, სენატორ რობერტ კენედისა და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერის მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის შესახებ დოკუმენტების გასაჯაროების შესახებ. იუწყება Bloomberg
ტრამპმა ჯერ კიდევ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პირობა დადო, რომ დოკუმენტებს გაასაჯაროებდა.
მაგრამ საბოლოოდ მან დათმო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თხოვნით, რომ მასალების დიდი ნაწილის საიდუმლოდ შენარჩუნებულიყო .
ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა განაახლა თავისი დაპირება გასაჯაროების შესახებ.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მონაცემების გასაჯაროება საზოგადოების ინტერესებშია.
"პრეზიდენტ ჯონ კენედის, სენატორ რობერტ კენედისა და პასტორ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებიდან 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ფედერალურ მთავრობას ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია ყველა ჩანაწერი, რომელიც ამ მოვლენებთან არის დაკავშირებული. მათი ოჯახები და ამერიკელი ხალხი იმსახურებენ გამჭვირვალობას და სიმართლეს. ქვეყნის ინტერესებშია, რომ საბოლოოდ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, გამოქვეყნდეს ყველა ჩანაწერი, რომელიც ამ მკვლელობებს ეხება" - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
განკარგულება ავალდებულებს ეროვნული დაზვერვის დირექტორს და გენერალურ პროკურორს, 15 დღის ვადაში შეათანხმონ მოქმედებები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ასისტენტთან და ტრამპის იურიდიულ მრჩეველთან, რათა წარუდგინონ პრეზიდენტს "ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ჩანაწერების სრული და სრულყოფილი გაშუქების გეგმა".
ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე დოკუმენტების ნაწილი აშშ-ს მთავრობამ 2017 და 2021 წელსაც გაასაჯაროვა.
ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატში მოკლეს. ლი ჰარვი ოსვალდი მკვლელობიდან მალევე დააკავეს, თუმცა, ეს საქმე დღემდე ერთ-ერთ ყველაზე რთულ საქმედ არის მიჩნეული. კითხვები სწორედ ოსვალდის მკვლელობამ გააჩინა.
მარტინ ლუთერ კინგი 1968 წლის 4 აპრილს ციხიდან გაქცეულმა პატიმარმა, ჯეიმს ერლ გრეიმ სნაიპერით მოკლა, როდესაც კინგი სასტუმროს აივანზე სიგარეტს ეწეოდა.