თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8986 ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავება.
ბაჩიაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილისგან მუქარის წერილი მიიღო, რომლის გასაჯაროებასაც გეგმავს.
"ამ წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთავრდებოდა ჩემი პასუხისმგებლობაში მიცემით, დაახლოებით ერთი წლის ვადაში. მე მთავაზობდნენ რომ გადამეხადა 5000 ბიტკოინი ჩემი თავისუფლებისთვის. თუ ამას არ გადავიხდიდი ეს თანხა ყოველთვიურად 500 ბიტკოინით გაიზრდებოდა. ამას ჰქვია კრიმინალური "სჩოტჩიკი". ეს წერილი არის მიღებული მას შემდეგ რაც გამოძიება დაიწყო.
ჩემს წინააღმდეგ გამოძიება იმიტომ დაიწყო, რომ მე უარი ვთქვი ივანიშვილს წავყოლოდი იმ სიგიჟეში და ანტიქართულ საქმეში, რასაც დღეს ჩადის. იმ დროს გადაწყვიტა ივანიშვილმა ჩემზე შურისძიება და თანხის გამოძალვა. შესაბამისად ივანიშვილი იყენებს თავის აბსოლუტურ პოლიტიკურ ძალაუფლებას იმისათვის, რომ მე ადამიანი, რომელიც ვდგავარ ჩვენი დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე, გამაჩუმოს, შური იძიოს და გამომძალოს თანხა." - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა "მთავარ არხთან".
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების მითვისების საქმეზე, 2023 წლის ივლისში სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 2 500 000 ლარის გირაო შეუფარდა.
ბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება