სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 13 იანვარს დაიწყო. პირთა შორის, რომელთა მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს, არის ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძე.
მზია ამაღლობელის ადვოკატის თქმით, რომელიც ამავე დროს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტია, გამოძიება უნდა დაწყებულიყო "არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის" მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.
მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც ცდილობდა და დაკავებულს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
"გამოძიება უნდა დაწყებულიყო დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით, რაზეც არის საუბარი, რომ ირაკლი დგებუაძე დაკავებულ ადამიანს აფურთხებს და აგინებს, საპირფარეშოთი სარგებლობის და წყლის დალევის საშუალებას არ აძლევს… ეს არის აშკარად არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა, როგორც ქართული, ასევე ევროპული სასამართლოს პრაქტიკით.
შესაბამისად, ამ მუხლით უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიებისთვის," – განმარტავს "ბათუმელებთან" იურისტი ჯუბა ქათამაძე.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.