"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ აბუ-დაბიში ჩხუბის შემდეგ ზარქუა და სანიკიძე დაჯარიმდნენ.
მდინარაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია 80 000 დოლარიანი ჯარიმის შესახებ, თუმცა თავად არ დაუსხელებია ჯარიმის ოდენობა.
მდინარაძის თქმით, ირაკლი ზარქუა ვიქტორ სანიკიძე უკვე თბილისში არიან.
"ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში არიან. ისინი ოფიციალურად, ფორმალურად პატიმრობაში არ ყოფილან. 2 დღის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. თავიდან, დღენახევარი ორივე აბუ დაბის პოლიციის განყოფილებაში იყო, შემდეგ კი სასტუმროში. მერე სამართალწარმოება დასრულდა, დატოვეს აბუ დაბი და ახლა არიან თბილისში. სამართალწარმოება დასრულდა და თუ არ ვცდები, ჯარიმები იყო. ყველას, ორივე მხარეს, რაღაც ჯარიმები დაეკისრა. ჯარიმა რამდენი იყო, არ მახსოვს, მაგრამ იმდენი არ იყო, თქვენ რასაც ავრცელებთ", - თქვა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ზარქუა და სანიკიძე არიან სამართალდამრღვევები, და არა დამნაშავეები და კრიმინალები.
დღეს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ზარქუასა და სანიკიძეს ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა - 80 000 დოლარი დაეკისრათ.
შეგახსენებთ, 13 იანვარს, აბუ დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.