პარლამენტის "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის მორიგი აქცია მიმდინარეობს.
მედიის წარმომადგენლებმე აქციაზე მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
"მზია ჩვენ, შენი მეგობრები და კოლეგები პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას სამართლიანობისთვის. შენი ხმა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ფასდაუდებელია - გვჯერა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე ერთად გასაკეთებელი წინ გვაქვს.
მე-11 დღეა შიმშილობ - გთხოვ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი - შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო.
ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს. ყველანი შენს გვერდით ვართ - შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალმოცემულები.
გთხოვ, იფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე შენთვის. თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება.
დიდი სიყვარულითა და პატივსცემით, შენი მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები". - წერია მედიის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაში.
20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.