აშშ-ის ახალარჩეულმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების კონკრეტულ ვადას ვერ დაასახელებს, თუმცა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. იუწყება CNN
რუბიომ თქვა, რომ დათმობები ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარების ბუნებრივი ნაწილია.
„ჩვენ გვინდა ომის დასრულება, ეს გასაგებია. თქვენ მოისმინეთ რა თქვა პრეზიდენტმა, მას სურს იყოს პრეზიდენტი, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას და აჩერებს კონფლიქტებს და ეს ასევე რთული იქნება. ეს რთული საკითხებია. არ მინდა და არ შემიძლია დროის ჩარჩოს დაყენება, გარდა იმისა, რომ ვთქვა, რომ ყოველთვის, როცა ცდილობ დაასრულო კონფლიქტი ორ მხარეს შორის, რომელთაგან ვერც ერთი ვერ მიაღწევს მაქსიმალურ მიზნებს, თითოეულ მხარეს მოუწევს უარი თქვას რაღაცაზე“, - თქვა რუბიომ.
რუბიოს კონკრეტულად არ უთქვამს, რა სახის დათმობაზე უნდა წავიდეს უკრაინა.
„მოლაპარაკებებზე საუბრისას დროს არ გავუსწრებთ. ეს მოლაპარაკებები ამ დონეზე, ასეთი ფსონებით, საუკეთესოდ წარიმართება დიპლომატიური გზით და არა საჯარო ფორუმებზე. და ცხადია, მონაწილე ქვეყნებმა, როგორც რუსებმა, ასევე უკრაინელებმა, უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები იმაზე, თუ რაზე შეთანხმდნენ“, - განაცხადა რუბიომ.
შეკითხვაზე, თუ რამდენად მალე შეიძლება დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში, რუბიომ თქვა, რომ ეს პრეზიდენტის პრიორიტეტი იქნება, ამიტომ ეს მოხდება თითქმის დაუყოვნებლივ.
„ფაქტობრივად, ამის ნაწილი უკვე დაწყებულია. ვიმედოვნებთ, რომ რაღაც საფუძველი უკვე ჩაეყარა, მაგრამ ეს რთული იქნება.
„ვგულისხმობ, რომ ეს რთული კონფლიქტია, მაგრამ ეს არის სისხლიანი კონფლიქტი და ის უნდა დასრულდეს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ამასთან, რუბიომ რუსეთს აგრესორი უწოდა, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომი "უნდა დასრულდეს".
„რუსეთი არის აგრესორი ამ კონფლიქტში, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. და ეს, საბოლოო ჯამში, არის საგარეო პოლიტიკის სირთულე“, - თქვა რუბიომ.