ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე "რადიო თავისუფლების" პოდკასტში აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას ვერ დაასანქცირებს, რადგან "მე სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს".
"მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს, იმიტომ, რომ სანქციის აზრი იკარგება და აგიხსნით, რატომ. სხვა ქვეყანას შეუძლია, დამასანქციროს, ამერიკას - ვერ, მე სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს", - თქვა მან.
რუხაძე ამბობს, რომ "სანქციები არ ახარებს" და უკრაინის მხრიდან მის სანქცირებაზე საუბრობს.
"რა თქმა უნდა, მე სანქციები არ მახარებს, მე თვითონ, არ მგონია, რომ სანქციები მემუქრება, მართალი რომ გითხრათ, მაგრამ საერთოდ, ამ სიტუაციაში რომ ვართ და ამ ფორმაში, ეგ ძალიან არ მახარებს...
მე დამასანქცირა უკრაინამ, რომელიც ძალიან მიყვარს, უზარმაზარი ბიზნესი მაქვს უკრაინაში აწყობილი და ვგიჟდები უკრაინაში სიარულზე, ყოველთვის მიყვარდა და წარმოუდგენელი ტრაგედია იყო ჩემთვის, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და როცა ჩემი მეგობრები მიგზავნიდნენ სურათებს, სახლის გვერდით ბომბები რომ იყო ჩამოყრილი... და მე რომ ეს ქვეყანა მასანქცირებს და ჩემს მეგობრებს ბოდიში უნდა ვუხადო, ეს ჩემთვის არის მძიმე. უამრავი აქეთ მიხდიდა ბოდიშს, სხვათაშორის, ჩემი უკრაინელი მეგობრები, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რა ხალხმა დამასანქცირა და რატომ", - თქვა რუხაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატების (იმ დროისთვის) სახელმწიფო მდივნობის კანდიდად, მარკო რუბიოს კონგრესიდან წერილი გაუგზავნეს, სადაც ჩამოთვლილია იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ქართულ ოცნებასთან პოლიტიკურად და ბიზნესის კუთხით დაკავშირებულები არიან.
რუბიოსადმი გაგზავნილ სიაში, დასასანქცირებელთა შორის, სხვა პირებთან ერთად, ირაკლი რუხაძეც იყო მოხსენიებული.