ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამშაბათს, 21 იანვარს განაცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში დაიწყო "დიდი და მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია ტერორიზმის აღმოსაფხვრელად".
ოპერაციაში მონაწილეობენ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF), პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ძალები.
„ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იუდეასა და სამარიაში [რეგიონის ისრაელური სახელწოდება, რომელშიც ჯენინი მდებარეობს] უსაფრთხოების განმტკიცებისკენ.
ჩვენ ვაწარმოებთ სისტემატურ და გადამწყვეტ ბრძოლას ირანის ღერძის წინააღმდეგ, რომელიც აგზავნის იარაღს ღაზის სექტორში, ლიბანში, სირიაში, იემენში, იუდეასა და სამარიაში“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებმა ასევე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება ჯენინში "კონტრტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ და განაცხადეს, რომ დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.
ოპერაციას "რკინის კედელი" ეწოდა. The Times of Israel-ის ცნობით, ის რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს უკვე დაიღუპა სულ მცირე რვა პალესტინელი და დაახლოებით 35 დაიჭრა.