სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 21 იანვარს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პენიტეციურ დაწესებულებაში მოინახულა.
აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები.
"21 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა # 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა, შეამოწმა მისი განთავსების პირობები და უფლებების დაცვის მდგომარეობა; ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. ისაუბრეს ასევე, ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მზია ამაღლობელი დაკავების დღესვე - დროებითი მოთავსების იზოლატორში და შემდგომ პენიტენციურ დაწესებულებაშიც მოინახულეს.
მზია ამაღლობელს ეცნობა მის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შესახებ, რომლითაც სახალხო დამცველმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოყვანილ გარემოებებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული და დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, ასეთის საჭიროების შემთხვევაში". - წერია განცხადებაში.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.