20 იანვარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, შეერთებული შტატების სენატმა მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. ის ტრამპის კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ინაუგურაციის დღესვე დაამტკიცეს.
რუბიოს კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი როგორც რესპუბლიკელმა, ასევე დემოკრატმა სენატორებმა. მან 99 ხმა მიიღო, არცერთის წინააღმდეგ.
ის გახდა ლათინოამერიკული წარმოშობის პირველი ამერიკელი, რომელმაც ქვეყნის უმაღლესი დიპლომატის პოსტი დაიკავა.
ფლორიდაში დაბადებული 53 წლის სენატორი წარსულში მხარს უჭერდა მკაცრი საგარეო პოლიტიკის გატარებას აშშ-ს გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების, მათ შორის ჩინეთის, ირანისა და კუბის მიმართ.
მარკო რუბიოს წინასაინაუგურაციო მიღებაზე ესაუბრა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
"საქართველო იმედით შეჰყურებს თქვენს საქმიანობას რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე. აშშ რუსეთისა და ჩინეთის ინტერესებს რეგიონში უნდა დაუპირისპირდეს", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში რუბიოს დამტკიცების შემდეგ.
მარკო რუბიოს დამტკიცებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღარლი რანგის კარიერულ დიპლომატებს თანამდებობების დატოვება მოსთხოვა.