რუსეთს დიდი პრობლემები შეექმნება, თუ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარს იტყვის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების დადებაზე. განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
"მან [პუტინმა] უნდა დადოს გარიგება. ვფიქრობ, იგი ანადგურებს რუსეთს, რადგან უარს ამბობს შეთანხმების დადებაზე", - უთხრა მან ჟურნალისტებს და დასძინა "ვფიქრობ, რუსეთი დიდ უბედურებაშია".
ამასთან, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ გარიგების დადებისკენ პუტინიც უნდა იყოს განწყობილი.
"მას არ უნდა უხაროდეს, არც ისე კარგად მიდის საქმე. ვგულისხმობ იმას, რომ მას ძალები ეწურება. ადამიანების უმეტესობას ეგონა, რომ ომი ერთ კვირაში დასრულდებოდა, მაგრამ ის სამი წელია გრძელდება", - თქვა ტრამპმა.
სააგენტო AFP-ის ცნობით, ტრამპის ეს ბოლო კომენტარი უჩვეულოდ კრიტიკულად ჟღერდა პუტინის მიმართ, "რომლითაც იგი წარსულში აღფრთოვანებას გამოხატავდა".
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ემზადება რუსეთის ლიდერთან პირადი შეხვედრისთვის უკრაინაში ომის დასრულების ვარიანტების განსახილველად.
ამასთან, ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას პირადი შეხვედრის დროს უთხრა, რომ სურდა ომის დასრულების შეთანხმება. "ზელენსკის გარიგების დადება სურს", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეეძლო თუ არა მას ომის დასრულება უკრაინაში, როგორც საპრეზიდენტო კამპანიის დროს ირწმუნებოდა, თანამდებობის დაკავებიდან 24 საათში, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მას "კიდევ ნახევარი დღე" ჰქონდა ამ მიზნის მისაღწევად. "ჩვენ ვეცდებით ამის გაკეთებას რაც შეიძლება სწრაფად. თქვენ იცით, ომი უკრაინასა და რუსეთთან არასდროს უნდა მომხდარიყო", - დასძინა ტრამპმა.