აშშ-ის მთავრობამ შეერთებულ შტატებში დასასახლებლად 1660 ავღანელს, მათ შორის მოქმედი ამერიკელი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, გააუქმა ფრენები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, რომელითაც შეჩერდა აშშ-ის ლტოლვილთა პროგრამები. იუწყება Reuters.
ამერიკელ ვეტერანთა კოალიცია #AfghanEvac-სა და ადვოკატირების ჯგუფების ხელმძღვანელის შონ ვან დაივერისა და ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსმის თქმით, ჯგუფში შედიან არასრულწლოვნები უფროსების თანხლების გარეშე, რომლებიც ელიან შეერთებულ შტატებში ოჯახებთან გაერთიანებას, ასევე ავღანელები, რომლებსაც თალიბანის შურისძიების საფრთხე ემუქრებათ, რადგან ისინი იბრძოდნენ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ყოფილი მთავრობის მხარეს.
ახლა ავღანელებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ლტოლვილის სტატუსი შეერთებულ შტატებში, იღებენ რეისების სიიდან. მათ ქაბული აპრილის ბოლომდე უნდა დაეტოვებინათ.
აშშ-ის გადაწყვეტილება ასევე გაურკვეველ მდგომარეობაში ტოვებს ათასობით სხვა ავღანელს, რომლებსაც ნება დართული აქვთ გაემგზავრონ ლტოლვილებად შეერთებულ შტატებში, მაგრამ მათთვის ჯერ არ დაუნიშნავთ რეისები ავღანეთიდან ან მეზობელი პაკისტანიდან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრება 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რის გამოც ამერიკული ლტოლვილთა პროგრამების ბედი გაურკვეველია.
„ავღანელები და მათი დამცველები პანიკაში არიან, დღეს ოთხჯერ მომიწია ტელეფონის დამუხტვა, რადგან ბევრი ადამიანი მირეკავს.
ჩვენ გავაფრთხილეთ ისინი [ტრამპის გარდამავალი გუნდის წევრები], რომ ეს შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ მათ ეს მაინც გააკეთეს. ვიმედოვნებთ, რომ ისინი აზრს შეიცვლიან“, - განაცხადა შონ ვან დაივერი.
ვან დაივერის ორგანიზაცია არის მთავარი კოალიცია, რომელიც მუშაობს აშშ-ის მთავრობასთან ავღანელების ევაკუაციისა და განსახლების მიზნით შეერთებულ შტატებში მას შემდეგ, რაც თალიბებმა დაიკავეს ქაბული, როდესაც ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა 2021 წლის აგვისტოში, ორი ათწლეულის ომის შემდეგ ავღანეთი დატოვა.
დაახლოებით 200 000 ავღანელი ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეერთებულ შტატებში ქაბულიდან ამერიკული ჯარების ქაოტური გაყვანის შემდეგ ჩაიყვანა.